ხაჭაპურის ფესტივალი და შეფმზარეულების ეროვნული ჩემპიონატი - რა გეგმები აქვს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციას ქართულ კულინარიასთან დაკავშირებით

01/06/2022

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზენტაცია, მიღება ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის ილია ჭავჭავაძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 31 მაისს გაიმართა. ასოციაცია რამდენიმე წელია, რაც არსებობს, თუმცა მისმა დამფუძნებლებმა თავიდანვე ჩათვალეს - საზოგადოებისთვის ჯერ თავისი განხორციელებული პროექტები წარედგინათ და შემდეგ განეცხადებინათ ხმამღლა მისი დაფუძნების შესახებ. არა მხოლოდ ეს, არამედ ბევრი სხვა გეგმაც წარმატებით შესრულდა. 2019 წელს საქართველო პირველად წარდგა ყველაზე პრესტიჟულ საერთშორისო კულინარიულ კონკურსზე, რომელიც Bocuse Dor-ს სახელითაა ცნობილი და მსოფლიოში სახელგანთქმულმა შეფებმა ერიკ სარქისიანის მიერ მომზადებული, ქართული გემოებით გაჯერებული და ულამაზეს თეფშზე მოთავსებული კერძი გასინჯეს... სხვათა შორის, ზემოხსენებულ ორგანიზაციაში საქართველო ოფიციალურად არის გაწევრებული, რაც მას საშუალებას აძლევს, საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო დიდი აქტიურობა გამოიჩინოს ქართული კულინარიის პოპულარიზებისთვის - ამ კუთხით კი ასოციაციას უკვე ბევრი აქვს გაკეთებული, თუმცა წინ დიდი გეგმებია - ხაჭაპურის დღე უკვე დაწესდა, მზადდება ხაჭაპურის მასშტაბური ფესტივალი, ასევე შეფმზარებულების ეროვნული ჩემპიონატი და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ქართულ კულინარიას ახალ სიმაღლეზე აიყვანს. განვითარება და განათლება - ეს არის ასოციაციის მთავარი მიზნები, რომლისკენაც თანმიმდევრული და მყარი ნაბიჯებით მიიწევს.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია 250-ზე მეტ წევრს აერთიანებს და ფართოდ თანამშრომლობს დონორ ორგანიზაციებთან. მათი დახმარებით შესაძლებელი გახდა პირველი კვლევის ჩატარება ხაჭაპურთან მიმართებით, რომლის დროსაც ხაჭაპურის რამდენიმე ათეული სახეობის რეცეპტი აღმოაჩინეს და მის ქართულ კულინარიაში დამკვიდრებას შეუწყობენ ხელს.

პრეზენტაციაზე ასოციაციის პრეზიდენტმა, დალილა ცატავამ ყველა პროექტის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა, აღნიშნა ორგანიზაციის მიღწევები და ყურადღება გაამახვილა სამომავლო გეგმებზე:

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ დაარსების დღიდან გადაწყვიტა, რომ მხოლოდ შედეგების შემდგომ გაეკეთებინა პრეზენტაცია, რომელიც  სამი წლის თავზე - 31 მაისს შედგა. მნიშვნელოვანი საერთაშორისო თუ შიდა ეროვნული პროექტები, დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით თუ მთავრობის, ბიზნესის, სამეცნიერო წრეების თანადგომითა და მხარდაჭერით, რომელთა განხორციელების შედეგები და მდგრადობა გავაცანით საზოგადოებას.

რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალოთ - ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში, სამეცნიერო კვლევა, სერტიფიცირებული კურსი - გასტრონომიული ტურიზმი , ტრენინგების კურსი - ბედნიერი სტუმარი , სარესტორნო ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული ტრენინგები, ქართული გასტრონომიის და გასტრონომიული ტურიზმის განვითარებისათვის ხელშემწყობი სარეკლამო მინიფილმები საქართველოს გასტრონომია , კულინარიული წიგნი ეთნოტაბლა , უმნიშვნელოვანესი პროექტი Bocuse D or -ის ოჯახში გაერთიანება, და ეროვნული სამზარეულოს წარდგენა მსოფლიო ასპარეზზე, გაეროსთან არსებული მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში UNWITO - გაწევრება გასტრონომიული ტურისტული მარშრუტები - აღმოაჩინე ის, რაც შენია და ასევე ბევრი სოციალური პრიექტი, რომელიც გრძელდება დღემდე.

ჩვენ ამბიციები გვაქვს, და არც ვაპირებთ გავჩერდეთ, რადგან ძლიერი და წარმომადგენლობითი გუნდი ვართ. უამრავი გამოწვევა გვაქვს ამ სფეროში, მაგრამ უამრავი ჩანაფიქრი, პროექტი და გეგმა გვაქვს, როგორც სამეცნიერო, ასევე სარესტორნო და მომსახურების სფეროს სხვა ბიზნესების მიმართულებით, რომლის რეზულტატებსაც კვლავაც მივაწვდით საზოგადოებას .

პრეზენტაციას ესწრებოდა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საჯარო და კერძო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მისასალმებელ სიტყვაში, ლევან დავითაშვილმა  დიდი მნიშვნელობა მიანიჭა გასტრონომიას, როგორც ტურიზმის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას. მისი თქმით, გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ გასტრონომია ტურისტებისთვის ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაციების ხუთეულში დაასახელა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, გასტრონომიის მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც, მისი შეფასებით, ყველაზე უკეთ იგრძნობა საქართველოს ტურიზმის კონკურენტული უპირატესობა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, გასტრონომია, კულტურასა და ბიომრავალფეროვნებასთან ერთად, საქართველოს ტურისტული სექტორის ყველაზე დიდი უპირატესობაა.

ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება გამოწვევებზე, რომლებიც დღეს დგას გასტრონომიული ბიზნესის წინაშე.

თუ მეტი ძალისხმევა არ ჩავდეთ, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ, რადგან კონკურენცია მსოფლიოში არის ძალიან დიდი. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთოთ, რომ საქართველოს გასტროკულტურა უკეთ იყოს წარმოჩენილი, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია არ დაიშურებს ძალას, ენერგიასა და გამოცდილებას, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზნები უმოკლეს დროში ეფექტიანად განახორციელოს.

ლევან ქოქიაშვილი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის თანადამფუძნებელი: 

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ დღეს გამართა ღონისძიება, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ უკვე განხორციელებული პროექტების წარმოჩენა, ასევე გეგმების შესახებ საუბარი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ოფიციალური პირები და დონორი ორგანიზაციები, რომლებისგანაც სრული მხარდაჭერა მივიღეთ. მადლობელი ვართ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის თანადგომით, ისევე, როგორც USAID-ის  და მისი სათავო ოფისის ხელმძღვანელის, დავით წიკლაურის სრული მხარდაჭერით, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის ჩართულობით ჩვენს საქმიანობაში.

ჩვენი ღონისძიების კულმინაცია იყო იმ კერძის წარდგენა და დაგემოვნება, რომლითაც 2019 წელს შეფმზარეულების ევროპის ჩემპიონატზე პირველად წარვდექით. ეს არის კერძი, რომელზეც იმუშავა საქართველოს გასტრონომიული სექტორის ოცამდე წარმომადგენელმა, შევქმენით ქართული გემოებით გაჯერებული თანამედროვე კერძი.

ვფიქრობთ, საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელმაც შეიძლება გააერთიანოს და შეკრას, საერთაშორისო და ადგილობრივი, სახელისუფლებო და კერძო ორგანიზაციები და კომპანიები და შექმნას საერთო რგოლი, რომელიც დაეხმარება და განავითარებს გასტრონომიულ სფეროს საქართველოში.