31 მაისს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება

30/05/2022

31 მაისს, 17:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართება საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზენტაცია, სადაც გასტრონომიულ სექტორს, სახელმწიფო სტრუქტურებს, ბორდის წევრებსა და დონორ ორგანიზაციებს წარედგინებათ ანგარიში უკვე განხორციელებული პროექტების, საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.  

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია 2018 წელს დაფუძნდა. მისი მთავარი მიზანი საქართველოს გასტრონომიული კულტურის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია მისი ერთ-ერთი მიმართულების, ქართული კულინარიული მემკვიდრეობის როგორც დაცვა, ასევე განვითარება და რაც მთავარია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქართული კულინარიის მაქსიმალურად წარმოჩენა; საქართველოში ამ მიმართულებით განათლების კერების გაჩენა, მასტერკლასებისა და სხვადასხვა სასწავლებლების ამუშავების კუთხით; ქართულ გასტრონომიულ ტურიზმში ნორმებისა და სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევების წარმოება, აკადემიური მასალების გამოქვეყნება, შესაბამისი ლიტერატურის შექმნა და გამოცემა, სამეცნიერო კვლევების საშუალებით მსოფლიო გასტრონომიულ ასპარეზზე ქართული  გასტრონომიული კულტურის ცნობადობის ამაღლება, ჯანსაღი კვების პოპულარიზება სკოლებში, საერთაშორისო თუ ადგილობრივი კულინარიული შეჯიბრებების წარმოება და სხვა.  

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია 250 წევრსა და 57 შეფმზარეულს აერთიანებს.

2018 წლიდან დღემდე, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ სფეროსთვის დიდი მნიშვნელობის მქონე არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორის: მსოფლიო კულინარიულ რუკაზე მონიშნა საქართველო, მსოფლიო კულინარიულ კონკურს Bocuse D’or-ში გაწევრებით; ჩაატარა ხაჭაპურის სახეობების მასშტაბური პირველი კვლევა საქართველოში - „ხაჭაპური - ტრადიცია საქართველოში“; დააფუძნა „ხაჭაპურის დღე“ 27 თებერვალს და ხაჭაპურის ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურ სახეს მიიღებს, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის დიდ პროექტებს შორის მოიაზრება „იუნესკოსთვის“ ოფიციალურად მიმართვა, რათა ეს ქართული კერძი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად იქნას აღიარებული; საქართველო ოფიციალურად გახდა The World’s 50 Best Restaurants (დიდი ბრიტანეთი) – ის მონაწილე.

ასოციაცია მჭიდროდ თანამშრომლობს უცხოურ დონორ ორგანიზაციებთან. მომავალ პროექტებს შორისაა წიგნის („გემოს კიდობანი - საქართველო“) გამოცემა FAO-ს ჩართულობით და 2023 წლისთვის დაგეგმილი შეფმზარეულების ეროვნული ჩემპიონატი.  

საკონტაქტო პირი:

ნინო მურღულია: 593988882

info@georgiangastronomy.ge