„ნაყროვანება (ზომაზე მეტის ჭამა) აახლოებს სიბერესთან, აჩლუნგებს გრძნობებს, აბნელებს აზრს, აბრმავებს გამჭრიახ გონებას, სხეულს სინოტივით ავსებს, აგროვებს ჩირქს, იწვევს მრავალგვარ სნეულებას და წარმოქმნის დიდ სიმძიმესა და უზომო სიმსუქნეს” (წმ. იოანე ოქროპირი) - აღნიშნული ფრაზა ქრისტიანული (მართლმადიდებლური) რელიგიის კვების კულტურასთან ძირითად მიმართებაზე მიგვანიშნებს.
მოგეხსენებათ, ქრისტიანულ გასტრონომიულ კულტურაში საკვები იყოფა - სამარხვოდ და სახსნილოდ. სამარხვო პროდუქტებს ქრისტიანებისთვის მიეკუთვნება, პირველ ყოვლისა, მარცვლოვანი კულტურები, პარკოსნები, ხილი, ბოსტნული, სოკო, ნაჭუჭიანები, სანელებლები, თაფლი, ზღვის მცენარეები, თევზი და ზღვის ზოგიერთი არსება, კიბორჩხალა, კრაბები, კრევეტები… მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მარხვის დროს ზღვის პროდუქტები და თევზი დაშვებულია მხოლოდ გარკვეულ დღეებში. მართლმადიდებელი ქრისტიანის წლიურ კალენდარში თითქმის ნახევარი სამარხვო დღეებია, მაგრამ კვების რაციონი სრულიადაც არ არის ორგანიზმისთვის საზიანო. ქართული მართმადიდებლური სამარხვო კულტურა ძალიან მდიდარია სანელებლებითა და ფხალეულით, ისევე როგორც დესერტებით, Მაგალითად, ჩაროზების ნაირსახეობები - ქადა, გოზინაყი, ჩურჩხელა, თაფლაკვერი, ნაზუქი. Თითოეული მათგანის ენერგეტიკული ღირებულება საკმაოდ მაღალია.
ზოგადად, ტრაპეზი ყველა ქრისტიანული რიტუალის ნაწილია, მიცვალებულების მოსახსენიებელი საკურთხი იქნება ეს, სადღესასწაულო თუ ქელეხის სუფრა.
პირველი ქრისტიანული ტრაპეზის მაგალითი ხომ თვით უფალმა მოგვცა საიდუმლო სერობის ჟამს?! სწორედ ამიტომაც, ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარება (ევქარისტია) მოციქულთა დროიდანვე ღვთისმსახურების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მას პურის განტეხასაც უწოდებდნენ. თავდაპირველად ევქარისტია მორწმუნეთა სახლებში აღესრულებოდა, რადგან პირველ საუკუნეში ქრისტიანებს ტაძრები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ, მაგრამ „საქმე მოციქულთაში“ გვხვდება მრავალი მითითება, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ამა თუ იმ სახლში ერთად ლოცვისათვის ცალკე ოთახი იყო გამოყოფილი, რომელსაც შემდეგში მხოლოდ ეს დანიშნულება ენიჭებოდა და ამის გამო ეკლესიას უწოდებდნენ (მოგეხსენებათ, „ეკლესია“ ბერძნულად შესაკრებელს ნიშნავს). პურის განტეხა, ანუ ევქარისტია, რა თქმა უნდა, იმ სახით სრულდებოდა, როგორც უფალმა აღასრულა. მისი თანმხლები რამდენიმე სიტყვა ლიტურგიის მთელ არსს გამოხატავს. მოციქულებმა მათ მხოლოდ პურსა და ღვინოზე სულიწმიდის გარდამოსვლისთვის ვედრება მიუმატეს. ღვთისმსახურების შემდეგ ქრისტიანები საერთო ტრაპეზს მიუსხდებოდნენ, რომელსაც აღაპები - სიყვარულის საღამოები - ეწოდებოდა.
ქართული მართლმადიდებლური სუფრა, ჭირისა და ლხინის, თავისი შინაარსით რიტუალურია და რადიკალურად განსხვავებულიც. ყოველი ქრისტიანული ტრაპეზობა იწყება ლოცვით - „მამაო ჩვენო“. ჭირის სუფრაზე პირველი კერძი, რომელსაც მიცვალებულის ნათესავებისა და ახლობლების უფლებით, თავიდან მისი უახლოესი ნათესავები და მეგობრები აგემოვნებენ - წანდილია. ეს არის მოხარშული ხორბლის (ბრინჯის) მარცვლები, შერეული თაფლთან და ქიშმიშთან. მარცვლები მკვდრეთით აღდგომის სიმბოლოა, თაფლი ან ქიშმიში - სიტკბოსი, რომლითაც მართალნი ტკბებიან ცათა სასუფეველში. წანდილი იკურთხება ტაძარში პანაშვიდის დროს. სუფრაზე ის მოაქვთ, როგორც წესი, მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს.
ქართული ტრაპეზის კულტურაში სამგლოვიარო სუფრა განსხვავებულია არა მარტო გარეგნული იერსახითა და წყობით, არამედ შინაარსით, დანიშნულებით, რაც ხალხურ ტრადიციაში საუკუნეებით ჩამოყალიბებული რელიგიური რწმენა-წარმოდგენების ნიადაგზე შექმნილი და მოვლენათა სემიოტიკური აღქმის თანახმად, ყოფნა-არყოფნის, სიკვდილ-სიცოცხლის, სააქაოსა და საიქიოს, ქვესკნელისა და ზესკნელის დაპირისპირებას ემყარება, რადგან ადამიანი სხვა სამყაროში გადადის - “გარდაიცვლება“.
სამგლოვიარო საწესჩვეულებო სისტემაში, ტრაპეზის კულტურის მხრივ, საინტერესოა ორი მომენტის არსებობა:
ჭირის სუფრაზე თამადა ინიშნება ნათესაობის მხრიდან და სადღეგრძელოებიც განსხვავებულია. ადრე ის საკრალურ რიცხვ 7-ს არ აღემატებოდა. პირველი რიტუალი სრულდება ღვინოში ჩამბალი პურით. მოგეხსენებათ, ქრისტიანული ტრაპეზის აუცილებელ ნაწილად მიიჩნევა ღვინო (ზოგიერთ აზიურ ქვეყანაში მიღებულია არყის დალევა, მაგლითად, არაბი ქრისტიანები ღვინის არაყს აყენებენ და მიირთმევენ, სწორედ, აქედან მოდის მისი სახელიც - arac).
Საგულისხმოა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ქელეხის სუფრასთან მხოლოდ სასაფლაოდან მობრუნების შემდეგ სხდებიან და საკლავსაც კლავენ, როცა დასავლეთ საქართველოში ქელეხის სუფრა სამარხვოა.
აღმოსავლეთ საქართველოში ქელეხის სუფრაზე შემოაქვთ სამსხვერპლო ცხოველის ხორცისგან გაკეთებული ცხელი კერძები: „ხაშლამა“, „ყაურმა“ „შილაფლავი.“ შილაფლავის შემოტანა სერობის დასასრულის მაუწყებელია. ძველი თქმით, ხაშლამა ცხელ-ცხელი იმიტომ შემოდის, რომ მისი ორთქლი მიცვალებულის სულს უერთდება ზეცაში, ამიტომაც წესის მიხედვით, მიცვალებულისთვის განკუთვნილი ყველა კერძი თავმოხდილი მზადდება.
დასავლეთ საქართველოში ხორცს მიცვალებულის ახლობლები მე-7 დღეს „ადგამენ კბილს“, რომელსაც „საპირისხსნოს“ უწოდებენ. მიცვალებულისთვის ცალკე მზადდება სახსნილო საკურთხი, მეგრელები ამ დღეს „მკლავის გახსნას“ უწოდებენ. კლავენ ცხვარს, დეკეულს, იხვს. გარდაცვლილისათვის ყველაფერი გაუსინჯავი იდება. მაგიდაზე საკმეველი, სანთელი, ღვინო, წყალი და პური დგას. სვანეთში ამ ჩვეულებას - „ლაშურალს“ უწოდებენ. შეიძლება აქ სულის გათავისუფლება იგულისხმებოდეს.
დაბოლოს, ქართული კულტურისათვის წეს-ჩვეულებები და რიტუალები, რომელთაც აუცილებლად ახლავს ტრაპეზი, ეროვნული თვითშეგნების, სარწმუნოებრივი იდენტობის თავისებური ნიშანია.
გამოყენებული ლიტერატურა: