"სანწალე კუჩხა" და კალანდა

12/10/2021

 „კუჩხა - კალანდა“ -   ძველით ახალი წლის აღნიშვნაა.   გურიასა და სამეგრელოში კალანდა ძველით ახალი წლის პირველი დღეა.  13 იანვარს, შუაღამის შემდეგ, მეგრულ ოჯახში  პირველად ფეხშედგმულს - „მაკუჩხური“ ერქვა.  ოჯახის ბარაქა, სიუხვე, სწორედ, მასზე იყო „დამოკიდებული“, ამიტომ ოჯახი თავად ირჩევდა სასურველ პერსონას. Შესაძლოა, არჩევანი შეეჩერებინათ ახლობელზეც, ვისაც „ჯგირ კუჩხი“  ჰქონდა.

Მაკუჩხურის შემოსვლისთანავე ოჯახის ზღურბლთან შაქარი იყრებოდა (ძველად ღომის მარცვლებს ყრიდნენ, როგორც ბარაქის სიმბოლოს). 

     როგორც კი ახალი წელი შემოვიდოდა,  მოდიოდნენ მომღერლები, რომელთაც „მეალილეს“ უწოდებდნენ. ოჯახს განსაკუთრებული საჩუქრები ჰქონდა „მეალილეებისთვის” (მაგალითად, ჩირეული, თხილეული, ხორცეული თუ ცომეული). 

   სამეგრელოში 15 იანვრის დილას („სანწალე კუჩხას“) განსაკუთრებული დატვირთვა  ჰქონდა.  „სანწალე კუჩხასთვის“  „მაკუჩხური” ალიონზე დგებოდა და ოჯახს „აკუჩხებდა“.   კარ-მიდამოს სამჯერ შემოუვლიდა, ხელში ღვინით ან წყლით სავსე დოქი, მარილი, პური,  ტკბილეული, მარადმწვანე ხის ტოტი   ეჭირა.  „მაკუჩხური“  სამჯერ დააკაკუნებდა კარზე, სახლიდან გამოსძახებდნენ - „რა მოგაქვს“?  ის კი,  იწყებდა ლოცვას: „ხვამა ჯგირობუა, გომორძგუა,   აშინება, აფშხირება…  კარის გაღების შემდეგ, სახლში შემოყრიდა ტკბილეულს,  მარადმწვანე ტოტს  კი,  ყველაფერს გადაუსვამდა.

 

„სანწალე კუჩხას“   სუფრა მსუყე, ბარაქიანი, უხვი, მშვიდი, ლოცვისა და სიყვარულის რიტუალი იყო. მთავარ ფიგურანტებად კი,  ღორი და დაკოდილი მამალი ( მეგრელები „ყვარილს“  უწოდებდნენ) გვევლინებოდნენ.  გურიაში ბასილას, სამეგრელოში კი, მუხუდოგარეულ ჭვიშტარს ღორის ქონით აცხობდნენ,  რომელსაც „ცნარი“  ერქვა და მაწვნით იზილებოდა. ზემოდან   ჭყინტი ყველს აყრიდნენ.  Ხაჭაპურიც, რასაკვირველია,  განსაკუთრებული იყო,  ზემოდან სულუგუნის ფენებითა  და კვერცხით მოკაზმული. ფელამუშსაც (უმეტესად ნიგვზით)  არ ივიწყებდნენ. Საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ელარჯს, როგორც დესერტს, ხშირად კამეჩის მაწონზე მოსხმული თაფლით  მიირთმევდნენ. 

 

 Ადამიანების ქცევას რაც შეეხება,  ამ დღეს ცდილობდნენ, რომ მხიარულები, მოსიყვარულეები ყოფილიყვნენ. ჯერ სახლში სადილობდნენ, შემდეგ კი, „კუჩხა-კალადას“ მისალოცად მეზობლებს სტუმრობდნენ.

დალილა ცატავა